ჩვენი სკოლების ურთიერთობებს 2007 წელს ჩაეყარა საფუძველი, ჩვენმა სკოლამ პროექტით ,,ჩონგური საქართველოა სიმები ჩვენ ვართ ყველაო" მონაწილეობა მიიღო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასკოლო პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში. ჩვენი პროექტი მიზნად ისახავდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი სკოლების როგორც დამეგობრებას, ისე პარტნიორობას ქართული ენის პოპულარიზაციისა და კულტურულ ფასეულობათა გაცნობა–შესწავლის მიზნით.
პროექტის პირველ ეტაპზე 2007 წლის ზაფხულში, ჩვენი, მარნეულის რაიონის ალგეთის აზერბაიჯანულენოვანი და ახალქალაქის რაიონის სოფ.ვარევანის სომხურენოვანი სკოლების 100 მოსწავლე ჯანმრთელობას იკაჟებდა ატენის ხეობის, სოფ.ბობნევის სპორტულ–გამაჯანსაღებელ ბანაკში. საინტერესოდ დაგეგმილმა და ჩატარებულმა ღონისძიებებმა სტუმრებს მალე დააძლევინა გაუცხოვების გრძნობა და ქართველ ბავშვებთან ურთიერთობით მათ მრავალი ქართული სიტყვა ისწავლეს. ბობნევში სტუმრებს შევასწავლეთ ქართული ცეკვა–სიმღერები, ბანაკის დახურვის წინ კი ჩავატარეთ ღონისძიება ,,საქართველოო ლამაზო", რომელშიც სამივე სკოლის მოსწავლეები ღებულობდნენ მონაწილეობას. არ დამავიწყდება. ბანაკში ყოფნის მე–7 დღეს ჩვენი სკოლის მოსწავლის აღტაცებული შეძახილი–,,მასწავლებელო, გაიანე ქართულად ალაპარაკდაო" . ბავშვები ბანაკში დამეგობრდნენ და თვალცრემლიანნი დაცილდნენ ერთმანეთს კვლავ შეხვედრის იმედით, თუმც არ იცოდნენ, რომ პროექტის ფარგლებში შეხვედრა კვლავ იგეგმებოდა.
პროექტის მეორე ეტაპზე, დეკემბერში, ალგეთელი 10 მოსწავლე პედაგოგ ნაზილა ისმაილოვასთან ერთად (პედაგოგიც ძალიანაა მონდომებული ქართულის შესასწავლად და ბანაკშიც ის ახლდა ბავშვებს) ჩავრთეთ ჩვენს საგაკვეთილო პროცესში, ვაცხოვრეთ ჩვენს ქართულ ოჯახებში, გავაცანით ქართული ტრადიციები და ისტორიული ძეგლები, მოგობრობის ძაფები უკვე ოჯახებს შორის გაიბა– აზერბაიჯანელი ვუგარი მამასთან ერთად. ორჯერ ეწვია ლაშა მამუკაშვილის ოჯახს. ბავშვები დღემდე აგრძელებდნენ მესიჯებით მიმოწერას, მიუხედავად ერთმანეთის ნახვის სურვილისა სკოლების ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე შეხვედრა ვეღარ ხერხდებოდა, რომ არა საზოგადოება ,,ბილიკი"–ს საგრანტო კონკურსის ფარგლებში ჩვენი სკოლის მოსწავლეთა პროექტი– ,,მომავალი ჩვენია", გრანტის მიღების შემდეგ შედგა ჩვენი სკოლის დელეგაციის ვიზიტი სოფ. ალგეთში, დელეგაციის დიდ ნაწილს პროექტის მონაწილე და 2007წლის დეკემბერში აზერბაიჯანელთა მასპინძელი ოჯახების ბავშვები შეადგენდნენ. ამაღელვებელი და გულისამაჩუყებელი იყო შეხვედრის წუთები, მასპინძლებმა დიდი სიხარულით და ქართველებზე არანაკლები სტუმართმოყვარეობით მიგვიღეს. შეხვედრამ დაგვანახვა, რომ არცერთ პროექტს უკვალოდ არ ჩაუვლია, მათი სკოლის დირექტორის სიტყვებისა არ იყოს ,,დავიწყების საშუალებას არ გვაძლევთო", მართლაც ასეა, ჩვენ ვგრძნობთ , რომ ჩვენთან ურთიერთობით მათ გაუჩნდათ ქართველი ერისა და საქართველოსადმი სიყვარული, გაუღვივდათ ინტერესი ქართული ენის შესწავლისა. ალგეთში სტუმრობისას კიდევ ერთი სასიამოვნო ფაქტი შევიტყეთ: გავიცანით სკოლის ქართული ენა-ლიტერატურის პედაგოგი ანა ბაბლუანი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში ქართულის მასწავლებლადაა ჩასული ამ სოფელში და ქართულს ასწავლის ალგეთის ორივე სკოლაში, მისი თქმით ჩვენს პარტნიორ სკოლაში უფრო დიდია დაინტერესება ქართული ენისადმი, ამ ფაქტს ანა ჩვენს სკოლასთან ურთიერთობით ხსნის. მისთვის უკვე გამოცანად აღარც ის დარჩენილა, თუ იქაური ბავშვები ექსკურსიის განხორციელების შემთხვევაში რატომ ირჩევდნენ გორს, ,,ახლა ვხვდები თქვენთან შესახვედრად მოუწევდათ გულიო”. ეს ჩემთვის, როგორც აღნიშნული პროექტების ავტორისა და ხელმძღვანელისათვის ნამდვილად გულისამაჩუყებელია. დაწვრილებით ჩვენი პროექტის მიმდინარეობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ პროექტის მონაწილე მოსწავლეთა მიერ შექმნილ ბლოგებზე.
ჩვენ, გასულ წელსაც ვცადეთ საზაფხულო ბანაკის მოწყობა, სადაც სურვილი გვქონდა უკვე 4 ეროვნების ბავშვები (ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები და ოსები) ჩაგვერთო, მაგრამ სამწუხაროდ პროექტი არ დაფინანსდა. ჩვენ კვლავაც ძალისხმევას არ დავიშურებთ მსგავსი პროექტების დაგეგმვა–განხორციელებისათვის, რათა მათს გულებში გაღვივებული ნაპერწკალი არ ჩაქრეს. ჩვენთან ურთიერთობის და ქართული ენის შესწავლისადმი ამაღლებული მოტივაცია კი კიდევ უფრო გაიზარდოს.
ერთგვარი სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ბლოგზე ამ აბზაცის წერა მალევე, 2011 წელს გავაგრძელე, რამდენადაც ჩვენი პროექტი სასკოლო პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში უკვე გამარჯვებულებს შორის აღმოჩნდა. პროექტის მიმდინარეობამ და მისმა შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა.
მუშაობის პროცესში მრავალი სირთულე გამოვლინდა,მაგრამ ოპტიმისტური განწყობა არასოდეს დამიკარგავს.ახლა კი, როცა თქვენ გაგიცანით და დაწვრილებით შევიტყე ჩვენი ბავშვების ურთიერთობის შესახებ, ჩემი ოპტიმიზმი გაასმაგდა,დარწმუნებული ვარ, პროექტის დასრულების მიუხედავად, ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი აზერბაიჯანელი ბავშვების ინტეგრირებას ქართულ საზოგადოებაში, შევძლებთ საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეების აღზრდას.ალგეთელი და გორელი მოსწავლეების გულწრფელი მეგობრობის წყალობით, ვფიქრობ,ალგეთში ქართული ენის ცოდნის დონეც ამაღლდება და ქართული კულტურისა და ისტორიისადმი ინტერესი და სიყვარული გაიზრდება.
ОтветитьУдалитьდიდი მადლობა,ქალბატონო თამარ,პირადად თქვენ და ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი თუნდაც მცირეოდენი წვლილი შეიტანა ამ პროექტის განხორციელებაში.
ქალბატონო თამარ, მაპატიეთ, კომენტარი დავტოვე, მაგრამ ვინაობა არ დავაფიქსირე, ანა ბაბლუანი ვარ.
ОтветитьУдалитьგამარჯობათ, ქალბატონო თამარ, დღეს ანა მასწავლებელმა გვაჩვენა ბლოგები.ძალიან მოგვეწონა, გაგვიხარდა, რომ ჩვენზე კვლავ ფიქრობთ, ყველაფერი დაწვრილებით გაგვახსენდა. ახლა უფრო მოგვენატრეთ. ძალიან გვიყვარხართ. იმედი გვაქვს, სკოლას რომ დავამთავრებთ, მაშინ მაინც ჩამოვალთ გორში.
ОтветитьУдалитьალგეთის I საჯარო სკოლის მოსწავლეები: ლეილა მირზოევი, დილგამ გასუმოვი, ბაი ჰასანოვი, ელმირა ბაირამოვა